ვანის საკრებულოს ყოფილი წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს.

საქმის პროკურორის ბექა ხუნაშვილის თქმით, ახლა პაიკიძის ექსტრადირების პროცედურა მიმდინარეობს, მისი დაკავების შესახებ კი დღეს სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ ხუთ პირს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავება. 

პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.

ბიჭიკო პაიკიძეს თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9 წლამდე.