ეს არის შეცდომა, მე რომ მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს, მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე, - ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“იარაღის ტარება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა, მე რომ მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს, მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი. უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი, რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი სახის შეცდომები გაყვანილი არ უნდა იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს.

ძალიან ვნანობ, ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, საერთოდ არ დამირღვევია კანონი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს ვერ ვუწოდებ, ამიტომ ვითხოვ გირაოს, რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას - რა მჭირს მე გასაქცევი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და 7000 თანამშრომელი მყავს“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. მას გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრეს.