ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე ზვიად შარაძემ შემდეგი სხდომა 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩანიშნა.  

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  ბრალდებულს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა და საბოლოო განაჩენი შესაძლოა, დღესვე დამდგარიყო. მას სხდომაზე დისტანციურად სურდა ჩართვა. 

როგორც ლაზარეს დედა თამთა კალანდაძე აცხადებს, ლაზარეს სასამართლოსთვის მიმართვა უნდოდა, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა. 

"ერთი წელია, ისე მივეჩვიე ამ რაღაც უჩვეულო ცხოვრებას, სულ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, ანუ არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა. ლაზარეს ჰქონდა სურვილი ონლაინ ჩართულიყო, იმიტომ, რომ ვერ საუბრობს ხოლმე რაღაც რომ უნდა თქვას, გონება მეფანტება და ხალხი მაბნევსო, მოსამართლემ გვითხრა უარი. ალბათ რვაში გამოცხადდება ლაზარე, თავის სათქმელსაც იტყვის და გადაწყდება საბოლოოდ, დადგება განაჩენი", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა  2023 წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი“.
 
ასევე, 9 მარტს განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. დანაშაულები სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.