ექიმების ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსების დეფიციტია. კლინიკა პაციენტებს და გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ვეღარ იღებს. ამ ეტაპზე, რაც საავადმყოფოში მუშაობს, მხოლოდ ამბულატორიული განყოფილებაა. აღნიშნული პრობლემის გამო სამედიცინო მუშაკებმა ჯანდაცვის ახალ მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს თხოვნით მიმართეს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დაბრუნდნენ მედიკოსები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკა უფუნქციოდ დარჩება.

"კლინიკა კრიზისულ მდგომარეობაშია, ვინაიდან, ამ არასწორი პოლიტიკის გამო მედპერსონალისგან დაიცალა რამდენიმე  განყოფილება, რის გამოც, შეჩერებული გვაქვს პაციენტების მიღება. პირველი ამოცანაა, რომ კლინიკა სრულად ამუშავდეს, ჩაინიშნოს მეორე შეხვედრა მინისტრთან", - განაცხადა რესპუბლიკურის ერთ-ერთმა ექიმმა.

მედიკოსები კლინიკის მედპერსონალის გარეშე დარჩენის მიზეზებზეც საუბრობენ.

"ჩვენ მიგვიყვანეს ჰოსპიტალური სექტორის პარალიზებამდე. ახლა მხოლოდ ამბულატორია მუშაობს საავადმყოფოში. პაციენტების გადაუდებელი მიღება შეწყვეტილია. მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ მოვიდეს და დააათვალიეროს არსებული შენობა", - განაცხადა რესპუბლიკურის ერთ-ერთმა ექიმმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევა ემუქრებოდა, რის გამოც მედიკოსები დიდი ხნის განმავლობაში აქციებს მართავდნენ. დანგრევის გადაწყვეტილება გაუქმებულია.