17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეკრება ათივე ქალაქში 10:00 საათზე დაიწყება: თბილისი – ქაშუეთის ტაძარი; რუსთავი – მერია; ქუთაისი – აღმაშენებლის სახელობის ტაძარი; გორი – აღდგომის ტაძარი; ბათუმი – საკათედრო ტაძარი; ახალციხე – ამაღლების ტაძარი; ზუგდიდი – დადიანების ტაძარი; თელავი – ღვთისმშობლის ტაძარი; მცხეთა – თეატრონი; ოზურგეთი – საკათედრო ტაძარი.

საყოველთაო მსვლელობა ყველა ქალაქში ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება.

შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.

ამასთან, 17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.