ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქერტლი, ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თავის კანის აქერცვლა სულ სხვა პრობლემითაა გამოწვეული.

ეს სკალპის ფსორიაზია — ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც უჯრედები ძალიან სწრაფად წარმოიქმნება. ის თავის თმიან ნაწილში ერთგვარი გამონაყარის გაჩენას იწვევს, რომლის ზედაპირიც ძლიერ იქერცლება.

თავის კანის ფსორიაზი ჩვეულებრივი ქერტლისგან განსხვავდება. ის ქრონიკული მდგომარეობაა, ანუ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება, მაგრამ მკურნალობით მისი სიმპტომების შემსუბუქება და კონტროლი შესაძლებელია.

სკალპის ფსორიაზის სიმპტომები

ფსორიაზი მხოლოდ თავზე არ ჩნდება. ის სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის სახის არეში, ხელებზე, ფეხებზე, ფრჩხილებზე, მუცელზე ზურგსა და გულმკერდზე. არსებობს ფსორიაზის ისეთი ტიპიც, რომელიც სახსრებს აზიანებს.

სკალპის ფსორიაზი ჩამოთვლილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს თავის კანზე ზედაპირიდან ოდნავ ამოწეული ბალთები უჩნდებათ, რომლებიც ნელ-ნელა ზომაში იზრდება და იქერცლება. შესაძლოა, ისინი მთელს სკალპზე გვხვდებოდეს ან მხოლოდ კონკრეტულ არეალებში იყოს გამოვლენილი, მათ შორის ყურების უკან, თმის საზღვრის გასწვრივ და კისრის დასაწყისში.

თუ ადამიანს ღია ფერის კანი აქვს, მოსალოდნელია, რომ მას მოწითალო გამონაყარი გაუჩნდეს, რომელსაც პაპულებს უწოდებენ. აქერცლილი ნაფლეთები, ანუ კანის მკვდარი უჯრედები, ამ შემთხვევაში მოთეთრო შეფერილობისაა. შავგვრემან ადამიანებში პაპულები უფრო მოიისფროა, ანაქერცლი კი — მოვერცხლისფრო.

ფსორიაზისთვის დამახასიათებელი ბალთები სქელია და ამის გამო ზოგჯერ მტკივნეულიცაა. ასევე, თავის კანზე გაჩენილი დაზიანებები, როგორც წესი, ძლიერ ქავილს იწვევს. რა თქმა უნდა, ძნელია, ასეთ ქავილს შეეწინააღმდეგო, ამიტომ პაციენტები ხშირად კანს უფრო მეტად იღიზიანებენ, რაც მდგომარეობას აუარესებს. შესაძლოა, ინტენსიური მოქავება სისხლდენისა და თმის ცვენის მიზეზიც კი გახდეს. შესაბამისად. ექიმები გვირჩევენ, თავის კანს ხელი არ ვახლოთ.

რა იწვევს სკალპის ფსორიაზს და არის თუ არა ის გადამდები

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ფსორიაზი ავტოიმუნური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება, რაც უჯრედების ნორმალურ ციკლს არღვევს. ამას თან ერთვის ანთებითი პროცესებიც.

თუ, ჩვეულებრივ, ახალი უჯრედები ყოველ 28-30 დღეში წარმოიქმნება, ფსორიაზის მქონე ადამიანებში ეს ციკლი იმდენადაა დაჩქარებული, რომ ყოველ 3-4 დღეში მეორდება. როცა ამ რაოდენობის უჯრედები კვდება და ჩნდება, ისინი, რა თქმა უნდა, კანის ზედაპირზე გროვდება და ბალთების ფორმირებას განაპირობებს. ასევე, კანის რქოვანაზე წებოვანი შრე ყალიბდება, რაც აქერცვლას უწყობს ხელს.

სკალპისა თუ სხვა ტიპის ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით ის რისკფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების შანსს ზრდის. მათ შორისაა: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სტრესი, ინფექციები, კანის მექანიკური დაზიანება, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ზოგიერთი მედიკამენტი, ჰორმონალური ცვლილებები და სიმსუქნე.

სამწუხაროდ, ფსორიაზის გარშემო არასწორი წარმოდგენები დღესაც არსებობს. ვინაიდან ის კანის მკვეთრად გამოხატული პრობლემაა, ზოგჯერ ჰგონიათ, რომ შესაძლებელია, სხვისგან გადაგვედოს. სინამდვილეში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ფსორიაზი, და მათ შორის სკალპის ფსორიაზი, გადამდები არაა. ის ადამიანიდან ადამიანზე ვერ გავრცელდება ვერც ჰაერწვეთოვანი გზით, ვერც შეხებით და ვერც სქესობრივი კავშირით. შესაბამისად, ფსორიაზის მქონე პაციენტებთან ფიზიკური კონტაქტი ან მათი ნივთებისა თუ ჭურჭლის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

ფსორიაზის სამკურნალოდ სხვადასხვა მედიკამენტს იყენებენ, მათ შორისაა დერმოვეიტი. ეს ძალიან ძლიერი ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდია, რომლის მოხმარებაც, აუცილებლად, ექიმის დანიშნულების საფუძველზე უნდა დაიწყოთ და არა თვითნებურად.

მალამოს შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.