რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.