თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ ტარდება.

"თბილისში, ჩვენს დედაქალაქში, რომელიც სრულიად დამსახურებულად ამაყობს საკუთარი უმდიდრესი თეატრალური მემკვიდრეობით, ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ ტარდება. მეექვსედ!!!

ვახტანგ ჭაბუკიანის, დავით ჯავრიშვილის, ვერა წიგნაძის, ზურაბ კიკალეიშვილის, მარია ბაუერის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის სამშობლოში.

2004 წელს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი და ერთ-ერთ მიზნად ბალეტის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმის შექმნა დავისახე, ვერც ფესტივალის ასეთ წარმატებას და ვერც მის ასეთ მასშტაბს ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ვინმე გულთმისანი დამპირდებოდა ფესტივალში ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობას ევროპიდან და ამერიკიდან, ან უცხო სახელმწიფოებიდან მაყურებლის მასობრივ ჩამოსვლას თბილისში.

გასაგებია, რომ ჩვენი ახალშექმნილი ფესტივალი ბედნიერი ბავშვობის ასაკში არის, და ფესტივალების მწვერვალზე მყოფ ედინბურგის, ავინიონის, მონპელიეს, ადელაიდის და ბალეტის კიდევ მრავალ თავყრილობას ჯერჯერობით ვერ დავეტოლებით. მაგრამ დასაწყისი მომავალი ზრდის და წარმატების გარანტია გახდა.

შეიძლება სკეპტიკოსმა იკითხოს: „რეგულარული რეპერტუარის და მუდმივი გასტროლების პირობებში ფესტივალის ჩატარების რა საჭიროება არსებობს?“ არის, არის და მერე როგორი! ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბერძნებმა ასწავლეს სამყაროს, რომ, თუ გნებავს ხელოვნების პოპულარიზაცია, შემოქმედის და შემოქმედების მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის სულიერი საზრდოს მიცემა, და შემოსავალი ხელოვნების განვითარებისთვის, მაშინ დააარსე დიონისეს ფესტივალი და დაპატიჟე შორეული და ახლობელი.

ლეგენდა ამტკიცებს, რომ რუდოლფ ბინგმა ედინბურგის ფესტივალის დაარსებისას ბრძანა: „ტრადიციას დღესასწაული სჭირდება, მაყურებელს - ბედნიერებით სავსე წუთები და მოგონებები, რომელთაც დრო ვერ მოერევა!“

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და ჩვენი სტუმარი ვარსკვლავები იმავეს გპირდებით!" - წერს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.