აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე სანდრა დეი ო'კონორი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აშშ-ის უზენაესი სასამართლოში პირველი ქალი მოსამართლე იყო.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'კონორი ფენიქსში დემენციის და რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

დაიბადა ტეხასის ქალაქ ელ პასოში. 1946 წელს ო’კონორმა დაამთავრა ოსტინის სკოლა. 1950 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, სტენფორდის უნივერსიტეტში. 1952 წელს იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იყო სტენფორდის იურიდიული ფაკულტეტის გაზეთის მთავარი რედაქტორი. უნივერსიტეტშივე მცირე ხნის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარესთან, უილიამ რენქუისტთან.

1952 წლის 20 დეკემბერს, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრებიდან ექვსი თვის შემდეგ დაქორწინდა ჯეი ო’კონორზე, რომელსაც სტენფორდშივე შეხვდა. მათ სამი შვილი ეყოლათ.

1965-69 წლებში იყო არიზონას გენერალური პროკურორის ასისტენტი, 1969 წელს არიზონას გუბერნატორმა იგი არიზონას სენატში ვაკანტურ ადგილზე დანიშნა. შემდეგ წელს ო’კონორმა არჩევნებშიც გაიმარჯვა. 1973 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც არიზონას თუ ნებისმიერი სხვა შტატის სენატის უმრავლესობის ლიდერის იყო. შეიქმნა რეპუტაცია, როგორც დახელოვნებულმა მომლაპარაკებელმა და ზომიერმა პოლიტიკოსმა. ორი ვადის შემდეგ, გადაწყვიტა სენატის დატოვება.

1974 წელს ო’კონორი აირჩიეს მარიკოპას რაინის უზენაეს სასამართლოში, სადაც ის 1975-79 წლებში მოღვაწოებდა. 1979 წელს არიზონას შტატის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც 1981 წლამდე იმუშავა, სანამ რონალდ რეიგანი მას უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელებდა.

აშშ-ის სენატმა ო’კონორი ერთხმად დაამტკიცა.

იგი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობდა, რომელიც 1988 წელს თვითონ დაამარცხა და აქტიურად საუბრობდა ალცჰაიმერის დაავადების კვლევების აუცილებლობაზე. 

ო'კონორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 2006 წელს დატოვა, რათა ალცჰაიმერით დაავადებული ქმრის გვერდით ყოფილიყო. ბოლო წლებში მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო 2018 წელს მან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მიდიოდა.