კომპანია "მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა პირობა დადო, რომ 2045 წლისთვის თავისი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით 200 მილიარდ დოლარს გასცემს, ამასთან, მან ილონ მასკი გააკრიტიკა.

მისი თქმით, მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის მთელ პირად ქონებას გასცემს, რომელიც მიმართული იქნება უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისკენ.

ბილ გეიტსის თქმით, ასეთი ადამიანები დახმარებას ფონდების მეშვეობით მიიღებენ.

"როდესაც მოვკვდები, ხალხი ბევრ რამეს იტყვის ჩემზე, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ „ის მდიდარი მოკვდა“ არ იქნება ერთ-ერთი მათგანი“, – დაწერა 69 წლის მილიარდერმა.

ბილ გეიტსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ილონ მასკი გააკრიტიკა. გეითსი ილონ მასკს "მსოფლიოს უღარიბესი ბავშვების მკვლელობაში“ ადანაშაულებს, რაშიც ბილ გეითსი ამერიკის დახმარების ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს.

"სურათი, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კლავს მსოფლიოს უღარიბეს ბავშვებს, არ არის ლამაზი“, – აღნიშნა გეიტსმა Financial Times-სთან.

ამასთან, გეიტსმა განაცხადა, რომ, ფონდის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე პროგრესი შეუძლებელი იქნება.