ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. შედეგად, ხორვატიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მონაცემების მიხედვით, მილანოვიჩმა 49,09% აიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დრაგან პრიმორაკმა კი 19.35%.

არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მილანოვიჩს არაერთხელ უწოდეს პრორუსი პოლიტიკოსი, თუმცა მან ეს არც ერთხელ არ უარყო.

ხორვატიის პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას, ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის საკითხზე. ის არ ემხრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. მილანოვიჩი აკრიტიკებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებასაც.