რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება.

განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 11 კანდიდატი. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ლიდერობს ულტრანაციონალისტური პარტიის "რუმინელთა ერთობის ალიანსი" (AUR) ლიდერი ჯორჯე სიმიონი.

სიმიონი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების მომხრეა, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ექვსი საქმეა აღძრული, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობასა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ყალბი ინფორმაციის მიწოდებასთან კავშირში. თავად ის ყველა ბრალდებას უარყოფს.