რუსეთი სწრაფად ზრდის თავის შეიარაღებას. ქვეყანა შესაძლოა, 5 წელიწადში ნატოზე თავდასხმისთვის მზად იყოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ჩინური ტექნოლოგიების დახმარებით აღადგენს თავის შეიარაღებულ ძალებს და იარაღს უფრო სწრაფად აწარმოებს, ვიდრე ნატო ფიქრობდა. კერძოდ, რუსეთი  სამ თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც ნატო მთელი წლის განმავლობაში.

რუტეს თქმით, პროგნოზების თანახმად, მხოლოდ წელს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია 1500 ტანკს, 3000 ჯავშანტრანსპორტიორს და 200 "ისკანდერის“ რაკეტას გამოუშვებს.

"შესაძლოა, რუსეთი ხუთი წლის განმავლობაში მზად იყოს ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად“, - აღნიშნა მან.

როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ახლა ნატოს თითქმის ყველა ქვეყანა "აღმოსავლეთ ფლანგზეა“.

"რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი,  არსებობს მხოლოდ ნატო“, – განაცხადა რუტემ.