ევროპელმა ლიდერებმა გამოაცხადეს მზადყოფნა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სატარიფო მუქარებზე ერთობლივი პასუხი გასცენ.

შესაბამისი განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთეს.

მაკრონის თქმით, ევროპა არ დაემორჩილება სატარიფო ზეწოლას და იმოქმედებს ერთმნიშვნელოვნად, თუ აშშ-ის საფრთხეები განხორციელდება. მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება გაეროს წესდებით გათვალისწინებული სუვერენიტეტის, ერების დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების.

მაკრონმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად უკრაინის მხარდაჭერას და იმ ქვეყნების კოალიციის შექმნას, რომლებიც მტკიცე და მდგრადი მშვიდობის მომხრეები არიან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს გადამწყვეტ მოქმედებას ევროპის უსაფრთხოების საკითხებში.

მაკრონმა ასევე განმარტა საფრანგეთის მონაწილეობა გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია არქტიკასა და ევროპის საზღვრებზე უსაფრთხოებასთან.

"ვერავითარი დაშინება ან მუქარა ვერ იმოქმედებს ჩვენზე არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, არც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტარიფების მუქარა მიუღებელია და თუ ისინი დადასტურდება, ევროპა ერთიანი და კოორდინირებული გზით უპასუხებს, რაც უზრუნველყოფს ევროპის სუვერენიტეტის პატივისცემას.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გამოთქვა მსგავსი პოზიცია და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს შანტაჟს.

„მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებს. მე ყოველთვის დავიცავ ჩემს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირეებს“, - აღნიშნა მან.

კრისტერსონმა დასძინა, რომ ეს საკითხი მთელ ევროკავშირს ეხება და შვედეთი უკვე ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან საერთო რეაგირების საკითხთან დაკავშირებით.

თავისი პოზიცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გამოთქვა. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და გრენლანდიის ხალხს.

"ტარიფები ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და შექმნის სახიფათო დაღმავალი სპირალს. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული თავისი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ“, - წერს ის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპის მუქარას აშშ-ის მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესების შესახებ „აბსოლუტურად არასწორი“ უწოდა.

"ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოს ყველა წევრისთვის და ყველა მოკავშირემ მეტი უნდა გააკეთოს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთი პირდაპირ განიხილავს ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს აშშ-ის ადმინისტრაციასთან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. როგორც ტრამპი წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აშშ-ში იგზავნება, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.