აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, ახლა დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

კანონპროექტს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს. ამის შემდეგ ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა მიაწოდოს.

კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, 79 სენატორმა მისცა ხმა, 18 წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს 60 მილიარდ დოლარზე მეტი თანხების გამოყოფას უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, 49,9 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული თავდაცვის ხარჯებისთვის, 1,57 მილიარდი დოლარი ეკონომიკურ დახმარებაზე და კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი საზღვრის დაცვასა და ჰუმანიტარული განაღმვისთვის.

ამასთან, კანონპროექტი 7,8 მილიარდი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას ითვალისწინებს, მაგრამ ეს თანხა სესხის სახით იქნება გაცემული. მისი პირობები ცალკე ხელშეკრულებით განისაზღვრება. ეს სესხი შესაძლოა, მომავალში ჩამოიწეროს. ასეთი უფლებამოსილება ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მაგრამ 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ.

პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზის მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.