ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. მისი ღირებულება 500 მილიონი დოლარია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა "რამშტაინის“, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ეს არის კიევისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.

ოსტინის თქმით, დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტ საბრძოლო მასალას, მეტ ჰაერი-მიწა რაკეტებს და სხვა აღჭურვილობას უკრაინის F-16-ების მხარდასაჭერად.

"მტკიცედ ვარ განწყობილი, გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ უკრაინას, იცხოვროს თავისუფლად და უსაფრთხოდ და შევქმნათ უფრო სამართლიანი, ღირსეული მსოფლიო. ჩვენი ერთობლივი სამუშაო უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირისთვის.

"როგორც ვთქვი აქ რამშტაინში, ჩვენს პირველ შეხვედრაზე 2022 წლის აპრილში, პუტინის ომი არის გამოწვევა თავისუფალი ადამიანებისთვის ყველგან. და ჩვენ ყველას გვაქვს ინტერესი, რომ ავტოკრატებმა არ დააყენონ თავიანთი იმპერიული ამბიციები თავისუფალი და სუვერენული ერების ძირითად უფლებებზე მაღლა. უკრაინა აწარმოებს სამართლიან ომს თავდაცვისთვის და ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი საქმე", - განაცხადა ოსტინმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკონტაქტო ჯგუფის თავმჯდომარეობა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო და "მოუთმენლად ელის კიდევ ერთ ძალიან ნაყოფიერ შეხვედრას“.