რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მეოთხე ენერგობლოკის სარკოფაგს დრონით 14 თებერვალს ღამით დაარტყა. საცავი დაზიანდა.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

"რუსული დამრტყმელი დრონი ფეთქებადი ქობინით მოხვდა სარკოფაგს, რომელიც მსოფლიოს იცავს მსოფლიოს ჩერნობილის ატომური სადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან. ამ სარკოფაგს უკრაინა აშენებდა ევროპის და მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, ამერიკასთან ერთად - ყველასთან ერთად ვისაც, ადამიანებისთვის ნამდვილი უსაფრთხოება სურს. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ასეთ ობიექტებს დაარტყას, მოახდინოს ატომური სადგურების ტერიტორიის ოკუპაციაა და აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები შედეგების გათვალისწინების გარეშე - ეს არის დღევანდელი რუსეთი. და ეს არის ტერორისტული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის.

ხანძარი ლიკვიდირებულია, ამჟამად რადიაციული ფონი არ არის გაზრდილი და ამას მუდმივად აკონტროლებენ. პირველადი შეფასებით, სარკოფაგს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

რუსეთი ყოველ ღამე ახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს ჯარის გაზრდას. რუსეთი არ ცვლის თავის გიჟურ ანტიადამიანურ სახელმწიფოებრივ რიტორიკას. და ეს ნიშნავს, რომ პუტინი ნამდვილად არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის. ის ემზადება გააგრძელოს მსოფლიოს მოტყუება. ამიტომ უნდა იყოს ერთიანი ზეწოლა ყველას მხრიდან, ვინც სიცოცხლეს აფასებს - ზეწოლა აგრესორზე. რუსეთი პასუხისმგებლობას უნდა აგოს იმაზე, რასაც აკეთებს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

IAEA-მ დაადასტურა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება დღეს დაახლოებით 01:50 საათზე მოხდა.

სააგენტოს განცხადებით, უპილოტო აპარატ რეაქტორ 4-ის ნარჩნების დამცავ გუმბათს შეეჯახა და ხანძარი გააჩინა.

"რადიაციის დონე შიგნით და მის გარეთ რჩება ნორმალური და სტაბილური. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, მსხვერპლი არ არის.

IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ინციდენტი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ სამხედრო აქტივობის ბოლო ზრდა ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოების რისკებს.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება სტაბილურია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ რუსები საკმაოდ შეგნებულად უშვებენ დრონებს სადგურის თავზე, მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს და ცდილობენ რაც შეიძლება დაბლა ფრენას.

"ისინი ბირთვულ საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს, რომელმაც ინვესტიცია ჩადო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებაში. ჩერნობილის კატასტროფაში მოსკოვია დამნაშავე და იგივე მოსკოვი ახლა საფრთხეს უქმნის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს", - განაცხადა კოვალენკომ.

უკრაინის დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პარტნიორებთან ერთად განიხილავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის ფონზე, მოუწოდა პარტნიორებს გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

"მტერს ესმის მხოლოდ ძალა. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს დააწესონ გადამწყვეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, მისი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავასუსტოთ აგრესორი", - აღნიშნა მან.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი.

დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. მასშტაბურ კატასტროფას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის 81 დასახლება კი უდაბნო გახდა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მეოთხე ენერგობლოკის თავზე რადიაციული დაბინძურებისგან დასაცავად ე.წ. სარკოფაგი აშენდა.