პარიზში, ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდში (Fondation Jérôme Seydoux-Pathé), რეტროსპექტივა „ქართული უხმო კინო - ერის სარკე“ მიმდინარეობს.

 ღონისძიება, რომელიც 4 თებერვლიდან 3 მარტამდე ქართული კინოს ავანგარდის 20-მდე ფილმის ჩვენებას ითვალისწინებს, „კარტ-ბლანშის“ პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული სტატუსი ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდმა სპეციალურად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს მიანიჭა.

რეტროსპექტივის ფარგლებში გაიმართა ქართული კინოს ავანგარდისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში ევროპასთან კულტურული ურთიერთობის მიმართულებით, კინორეჟისორი სოფია ბაბლუანი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტების მენეჯერი, კინომცოდნე ნინო ქავთარაძე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო არქივის ხელმძღვანელი გიორგი კაკაბაძე, ქართული კინოს სპეციალისტები – აღმოსავლური კულტურის უნივერსიტეტ „INALCO“-ს ემერიტუს პროფესორი ჟან რადვანი და სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელლე ჩომენტოვსკი, ასევე, პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტის კომპარატივისტული ლიტერატურის ლექტორი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი.

მომხსენებლებმა იმსჯელეს 1920-იანი წლების საქართველოში მხატვრულ ლიტერატურასა და ქართული კინოს საწყისებს შორის კავშირზე, მიმოიხილეს ავანგარდული ქართული კინოს ისტორიული კონტექსტი და ხაზი გაუსვეს მის გამორჩეულ ადგილს მსოფლიო კინოს ისტორიაში.

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებლისათვის ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდის კინოთეატრში წარდგენილ ფილმებს შორის არის: „ჩემი ბებია“, „ელისო“, „მარილი სვანეთს“, „უგუბურა“, „ხანუმა“, „გიული“, „ვინ არის დამნაშავე“, „სურამის ციხე“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებები პარიზის მუსიკისა და ცეკვის ეროვნული კონსერვატორიის პიანისტების მიერ შესრულებული მუსიკალური აკომპანემენტით მიმდინარეობს.