ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 38 წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიოს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა უზრუნველყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპანტებისგან განთავისუფლება.

"უკვე 785 დღეა, რუსი ტერორისტების მძევალია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა რუსეთზე ზეწოლა, რათა უზრუნველყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათავისუფლება და უკრაინის სრული კონტროლი. ასევე უკრაინის ყველა ბირთვული ობიექტის დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ეს ერთადერთი გზაა ახალი რადიაციული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, რომელიც მუდმივად არსებობს რუსი ოკუპანტების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნით.

მან ასევე გაიხსენა რუსეთის მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია 2022 წელს.

"2022 წელს რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 35 დღით დაიპყრო, რუსმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს მცველები და შეურაცხყოფა მიაყენეს პერსონალს, ასევე გამოიყენეს სადგური შემდგომი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რადიაცია არ ხედავს საზღვრებს ან ეროვნულ დროშებს.

"ჩერნობილის კატასტროფამ აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება წარმოიშვას სასიკვდილო საფრთხეები. ათიათასობით ადამიანმა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად, შეამსუბუქა ჩერნობილის კატასტროფა, აღმოფხვრა მისი საშინელი შედეგები 1986 წელს და შემდგომ წლებში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს იმ ადამიანების თავდადება, რომლებმაც სიცოცხლე გადაარჩინეს 1986 წელს.

"ჩვენ ვაფასებთ ყველას, ვინც ახლა ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას“, - აღნიშნა მან.

38 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევა ისტორიაში ყველაზე დიდ ტექნოგენურ კატასტროფად არის აღიარებული.

რადიაცია 27 ქვეყანაში, ათასობით მსხვერპლი, 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ხუთი მილიონი ჰექტარი მიწის დაბინძურება და 30 კილომეტრიანი გამორიცხვის ზონა, 600 000 ლიკვიდატორიდან 10% გარდაიცვალა და 165 000 ინვალიდი გახდა - ეს ყველაფერი ჩერნობილის კატასტროფის შედეგებია.