როდესაც ჩვენ ვხარობთ ბრწყინვალე აღდგომით, ერთმანეთს ვულოცავთ, ვახარებთ, უამრავი ადამიანია ამ ქვეყანაზე განსაცდელში, ტკივილში, გაჭირვებაში, ომსა და უბედურებაში, მღელვარებაში, ბრძოლაში სამოქალაქო უფლებებსა თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა 
სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

"საოცრად ერთიანდება ცა და მიწა ამ დღეს, საიქიო და სააქაო და ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ და ვახარებთ - ქრისტე აღდგა!

ჩვენ ვხარობთ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ჩვენ სიხარულზე აღმატებული სიხარულია მათი, ვინც წუთისოფელში განვლო თავისი გზა, სააქაოდან საიქიოში გადაინაცვლა, მისი მოლოდინი აღმატებულია, ვიდრე ჩვენი. ჩვენ გვწამს, გვჯერა, მაგრამ ის, რაც ჩვენ გვწამს, მათთვის რეალობაა, მათთვის ცხადია.

ჩვენ უფალს ვავედრებთ უპირველესად მშვიდობას, რომელიც ადამიანის გულში უნდა იყოს, მის გულში დაისადგუროს, რადგან თუ ადამიანის გულში მშვიდობა არ არის, ვერც ირგვლივ იქნება მშვიდობა, "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო".

ჩვენ შევთხოვთ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს, წარგვიმართოს სვლანი ჩვენი მშვიდობით, სიკეთით და სიყვარულით და ასე გავაგრძელოთ გზა, რომელსაც მარადიულობაში შევყავართ.

ღმერთმა მოგვანიჭოს სული წმინდის მიერ ერთობა, ურთიერთნდობა და სიყვარული", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.