ტრამპს იმედი აქვს, რომ მიაღწევს საომარი მოქმედებების გარკვეულ შეჩერებას რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა ომის სრულად დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის სივრცე შეიქმნას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს პროგრესის იმედი აქვს.

"რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომები, მით უფრო ძნელი ხდება მათი დასრულება. საომარი მოქმედებების გახანგრძლივება გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ მხარეს ექნება მეტი ბერკეტი მოლაპარაკებებში. ეს გახანგრძლივებული საომარი მოქმედებების რეალობაა, რის გამოც ცეცხლის შეწყვეტა ასე კრიტიკულია. მშვიდობის მისაღწევად, ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ საჭირო იქნება რაღაც საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე, საჭირო იქნება რაღაც საუბარი ტერიტორიულ დავებს და პრეტენზიებზე და იმაზე, რისთვისაც ისინი იბრძვიან“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საჭიროა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის თანხმობა.

ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ შეხვედრის მომზადება "ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, რადგან ეს ძალიან სწრაფად დაორგანიზდა“.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ“, – განაცხადა რუბიომ.