უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურს რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თებერვალში ჩატარება. 

"ჩვენ შემდეგი შეხვედრის მოლოდინი გვაქვს და სწორი იქნებოდა, რომ ეს თებერვალში მომხდარიყო. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და შვეიცარია, როგორც მასპინძელი, იმყოფებოდნენ. ჩვენ, უკრაინაში, ყოველთვის ვიცავთ იმ პოზიციას, რომ ევროპა უნდა იყოს პროცესში მონაწილე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს ჟენევაში უკრაინის დელეგაციასთან რამდენჯერმე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უკრაინის ინტერესს შედეგის მიღწევის მიმართ.

"დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები საკმარისია. სამხედროებმა ზოგიერთი საკითხი სერიოზულად და არსებითად განიხილეს. მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები, შესაძლო კომპრომისებთან დაკავშირებული საკითხები და ლიდერების აუცილებელი შეხვედრა ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შემუშავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელ მომლაპარაკებლებს ჰუმანიტარული კურსის განხილვა დაავალა.

"ჩვენ გვჭირდება ტყვეების გაცვლა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას თითოეულზე და მუდმივად ვმუშაობთ ჩვენივე ადამიანების დასაბრუნებლად - უკრაინელების სახლში დასაბრუნებლად. ყველა გაცვლა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, თუმცა თარიღი და ჩატარების ადგილი ჯერ არ გახმაურებულა.