უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა ხელს მოაწერს აშშ-სთან, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან.

"თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია, რომელსაც ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა. ისევე, როგორც რუსეთთან ხელს მოაწერს აშშ. ამჟამად სწორედ ასეთი კონსტრუქცია განიხილება, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ეს პროცესია“, – განაცხადა სიბიგამ.

რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას „სამშვიდობო დოკუმენტის“ დამტკიცებაში, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ევროპული მხარე წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში.

მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო ხასიათს უნდა ატარებდეს.

„მნიშვნელოვანია, არსებობს თანხმობა გარანტიების რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, მათი რატიფიცირების შესახებ აშშ-ის კონგრესში“, – განაცხადა სიბიგამ.