"ნორდიკულ-ბალტიური რვიანის" ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერები, თავიანთ დელეგაციებთან ერთად, კიევში იმყოფებიან.

"ჩვენი დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან“, – წერს ანდრეი სიბიგა.

ამასთან, მისივე ცნობით, "ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და გამართავენ ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს კიევში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართება, სადაც ლიდერებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ.