პატრიარქის ავტორიტეტი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი სტაბილურობის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, გარდამავალ ეტაპზე ქვეყანას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია Front News-თან ინტერვიუში დეტალურად განიხილავს იმ პოლიტიკურ და სულიერ ვაკუუმს, რომელიც ილია მეორის ეპოქის დასრულებას შეიძლება მოჰყვეს.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ლეგიტიმაციის დეფიციტზე პოლიტიკურ სპექტრში, საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებებსა და საეკლესიო იერარქიაში არსებულ შიდა დინებებზე. გამზარდიას პროგნოზით, მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესი ვერ იქნება თავისუფალი გარე პოლიტიკური თუ ბიზნესგავლენებისგან, ხოლო მსოფლიო პატრიარქის ჩართულობა ამ პროცესში სცილდება მხოლოდ სულიერ ფორმატს და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზავნილს ატარებს.

- ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ რა იცვლება საქართველოს სასულიერო და საერო ცხოვრებაში? ის იყო საკმაოდ გავლენიანი ფიგურა, როგორც სასულიერო პირებში, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ის არის ისტორიული ფიგურა, რომლის ჩანაცვლებაც რთული გამოწვევაა მომავალი პატრიარქისთვის. რა რეალობის წინაშე დგას ახლა ქვეყანა?

- უნდა ვთქვათ ის, რომ პატრიარქი ბოლო ათწლეულების მანძილზე სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის ერთადერთი სტაბილური, მაღალი ავტორიტეტის და ნდობის მქონე პირი იყო. შესაბამისად, მისი საქმიანობა არ იყო ჩაკეტილი მხოლოდ ვიწრო სასულიერო სივრცეში, არამედ მისი გავლენა და სახელი ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო როგორც საეკლესიო, ასევე ღირებულებების კუთხით - მოსახლეობისა და პოლიტიკური პირების ცნობიერებაზე ზეგავლენის მოხდენით. პატრიარქი იყო ერთადერთი პირი, რომელიც ყველა ხელისუფლების მთავარი მალეგიტიმირებელი იყო. რასაც იტყოდა პატრიარქი და ვისთანაც ის დადგებოდა, ვისაც აღიარებდა, ამას საზოგადოებაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ამიტომ მისი გავლენა ყოვლისმომცველი იყო.

შესაბამისად, არა მხოლოდ მისი პირადი ჩართულობა, არამედ მისი სახელიც გავლენიანი პირებისთვის გამოყენების საშუალება იყო. ხშირად ეს ადამიანები მის სახელს, მასთან ურთიერთობებს იყენებდნენ ხოლმე საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად. ის, რომ ეს ვეღარ მოხერხდება და პატრიარქის აჩრდილიც კი დიდხანს იმოქმედებს ამ ქვეყანაში, ცხადია, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რაც იქნება, ეს არის საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. ადამიანებს მთავარი საყრდენის სახით, ლეგიტიმაციისთვის, აღარ ეყოლებათ პატრიარქი. როგორც ბოლო პერიოდში უკვე აღარ იყო პატრიარქი ასე აქტიურად ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში, სწორედ ამიტომაც არის ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის ზოგადი ლეგიტიმაციის პრობლემა. ამ დეფიციტის შევსება უფრო გართულდება.

ამიტომ პოლიტიკოსებს თუ სასულიერო პირებს საზოგადოებაში ნდობის მოპოვება უკვე თავად მოუწევთ, რადგან პატრიარქის გვერდით დგომა აპრიორი საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის მოპოვების რესურსი ვეღარ იქნება. საგარეო პოლიტიკის კუთხით პატრიარქი მიჰყვებოდა ძალიან რბილ ღერძს. ის ცდილობდა, რომ მტრული სახელმწიფოების მიმართაც კი კორექტური ყოფილიყო. ის მაინც ევროინტეგრაციის ჩარჩოს მიჰყვებოდა, რომელიც საქართველოს გააჩნდა. როდესაც ახალი პატრიარქი ეყოლება ამ ქვეყანას, შესაძლოა ძალიან დიდი გამოწვევა იყოს ისიც, თუ როგორ წავა და რა ფორმით დაუწერს ის ქვეყანას საგარეო კურსს.

- ამ მიმართულებით მინდა ჩაგეკითხოთ. ვიცით, რომ მისი თანამოსაყრდნე მეუფე შიო, რომელიც, მართალია, ვერ გახდება ავტომატურად პატრიარქი (მისი კანდიდატურაც ჩვეულებრივად სინოდმა უნდა დაამტკიცოს და მათ მიერ უნდა იქნეს არჩეული), მუდმივად აზრთა სხვადასხვაობის საგანია. მას ჰყავს მოწინააღმდეგეები, როგორც სასულიერო, ისე საერო საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა მცდელობა, როგორც სასულიერო, ისევე სახელისუფლებო ძალებში, საკუთარი კანდიდატის დასახელების და წინ წამოწევის?

- საქმე იმაშია, რომ მთელი ეპისკოპატი პოსტსაბჭოურ და საბჭოურ სივრცეშია გაზრდილი. მათი ძირითადი ენა რუსული იყო, საიდანაც ლიტერატურას თარგმნიდნენ. ჩვენთან მსოფლიო პატრიარქის ფაქტორიც მარტივად არ დგას - არიან ადამიანები, რომლებიც მისი წინააღმდეგი არიან. უკრაინასთან დაკავშირებული ამ საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, სადაც რუსული და ბერძნული ეკლესიები ერთმანეთისგან მოშორებით აღმოჩნდნენ, ამ დაპირისპირებაში ლავირება უწევთ საქართველოს ეპისკოპოსებს. ამიტომ, რომ ვთქვათ, ქართულ ეპისკოპატში არის ის ხედვა, განათლება, ლავირების უნარი, რაც ილია მეორეს ჰქონდა, ნაკლებად მგონია. მათ უფრო აქვთ „ტრადიციული“ საბჭოური მიდრეკილებები და ურთიერთობები. მათი კომუნიკაციის ნაწილიც და ფასეულობების ნაწილიც რუსული ეკლესიიდან მოდის.

ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მიტროპოლიტი შიოც არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ მისი ხედვა შეიძლება იყოს ისეთივე რთული სტრუქტურის, როგორიც პატრიარქს გააჩნდა, ან ისეთივე დაბალანსების მიდრეკილების, ან ფასეულობის კუთხით ევროპულ ორბიტაზე იყოს. ამიტომ, ალბათ, ბევრად ნაკლები პერსპექტივა აქვს დასავლური განვითარების პრინციპის ახალ პატრიარქს. აქ საუბარი იმაზეც არის, ექნება თუ არა გავლენის და ავტორიტეტის ის რესურსი, რომელიც ილია მეორეს ჰქონდა. ინერციით ეს შეიძლება იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ პატრიარქს შეთავსებული ჰქონდა ბევრი იმ ტიპის გავლენა, რომლისთვისაც არ არის პატრიარქის უფლებამოსილება საჭირო და ეს მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე იყო, ახალ პატრიარქს ალბათ ამ ფუფუნების საშუალება არ ექნება.

შიოს შემთხვევაში ძალიან სადავოა, იქნება თუ არა ის პატრიარქი. 39 მოქმედი ეპისკოპოსია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 39 ხმა ერთის სასარგებლოდ ასე მარტივად გადაწყდეს და ეს შიო იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლა. ეს არ არის მხოლოდ სულიერი ძმის სამძიმარზე ჩამოსვლა. ეს არის საეკლესიო პოლიტიკის კუთხით გადადგმული ნაბიჯი. მართალია, რუსეთიც გზავნის დელეგაციას, მაგრამ ისინი წირვაზე ერთად ვერ იდგებიან, ამიტომ მსოფლიო პატრიარქს ეს უპირატესობა ექნება. ეს საინტერესო ფაქტორია, თუკი ამას სხვა განვითარება მოჰყვება.

- ეპისკოპოს მიქაელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი და შესაძლოა, თუ არა მას მემკვიდრედ ვინმე ჰყავდეს დასახელებული. მან თქვა: "ეგ [ანდერძი] არის იდუმალი და რომ გაცხადდება, შემდეგ... [ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით". როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, არსებობდეს ასეთი ანდერძი და მას ჰყავდეს თავისი კანდიდატურა დასახელებული?

- ანდერძი, გარდა რაღაც ზოგადი ტრაქტატისა, რომელიც შესაძლოა, მიმართვა იყოს საზოგადოებისა და სასულიერო პირებისთვის, ასევე  შეიძლება შეიცავდეს თანამოსაყრდნის დასახელებასაც. ასეთი თანამოსაყრდნე პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა. მართალია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად პატრიარქი გახდება. ეს არის, კი ბატონო, უპირატესობა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე პრივილეგიები ექნება. პატრიარქის თანამოსაყრდნის ფუნქციაა, რომ როდესაც პატრიარქი აღარ არის ან ვერ მართავს, იმ პერიოდში  ეკლესია მართოს.

ამ პერიოდის განმავლობაში მეუფე შიოს ძალიან უცნაური მოსაყრდნეობის ვარიაცია ჰქონდა. პრაქტიკულად გუშინ, როდესაც სინოდმა კვლავ ხელმეორედ დაადგინა ის თანამოსაყდრედ, სწორედ ახლა მიიღო მან ლეგიტიმაცია. არ ვიცი, ეს რა იყო, რატომ არ ჰქონდა აქამდე ლეგიტიმაცია მინიჭებული, მსგავსი ვარიაცია აქამდე ცნობილი არ იყო. ანდერძი შესაძლოა, იყოს არაპროგნოზირებადი, თუ იმ ანდერძში ვინმე სხვაა დასახელებული. თუმცა მე მსგავსი ვარაუდი არ მაქვს და არ მგონია, ანდერძში სხვა დაესახელებინა და სიტუაცია ასე ამოეყირავებინა. ამიტომ არ მგონია, რომ ამ ანდერძთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, ანუ ანდერძი რაღაც სურათს შეცვლის - მე ამის მოლოდინი არ მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, შიოს გარდა ვინ შეიძლება სხვა პატრიარქის კანდიდატებად დასახელდნენ? მაგალითად, პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის დასახელებასაც ხომ არ უნდა ველოდოთ? ან თუ არსებობენ უფრო გავლენიანი მეუფეები, რომელთა ავტორიტეტიც და გავლენებიც სწორედ პატრიარქის შესაფერისი შეიძლება იყოს?

- მე ამის თქმა გამიჭირდება, რადგან მღვდელმთავრები იღებენ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ის, რომ გარეთ ადამიანები მეუფეს იცნობენ და ის საზოგადოებისთვის ცნობილია, არ ნიშნავს იმას, რომ ის პატრიარქისთვის შესაბამისი კანდიდატურაა. თუმცა არც ის გამიკვირდება, რომ აღმოვაჩინოთ, რომ პატრიარქი ერთი შეხედვით ნაკლებად ცნობილი ეპისკოპოსი გახდეს. პოპულარული პირების მიმართ საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულებები არსებობს. მათი კანდიდატურა შესაძლოა, შიგნით დასახელდეს, მაგრამ შიდა დინებები სულ სხვაა. თავად სჭირდებათ იქ ისეთი კანდიდატი, რომელიც მათთვის მისაღებია და შიდა დინებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესაძლოა, სასულიერო პირებისთვის პრიორიტეტს სულაც არ წარმოადგენდეს.

- ალბათ, პოლიტიკური და სახელისუფლებო გავლენებიც გასათვალისწინებელია. ელით, რომ იქნება ხელისუფლების მხრიდანაც ჩარევა და ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი ხელისუფლებას? ამის მოლოდინი რამდენად გაქვთ?

- მე ვერც წარმომიდგენია, რომ დღევანდელ ეპისკოპატს ყველანაირი გავლენისა და ჩარევის გარეშე მიეცეს საშუალება, რომ გადაწყვეტილება შიგნით თავად მიიღონ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიამიტობაა. თითოეული მათგანი არის გარე პოლიტიკის გავლენის ქვეშ - ეს იქნება სახელისუფლებო გავლენა, საეკლესიო გარე გავლენები თუ ბიზნესგავლენები. ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რომელიც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს. ეპისკოპატის ძირითადი ნაწილი პოზიტიურ კვეთაშია ამ ხელისუფლებასთან, რამდენიმე კონკრეტული მღვდელმთავრის გარდა. ამიტომ ამ კუთხით დიდი სივრცე არ არის და არ გამოვრიცხოთ, რომ ბევრი კანდიდატი ჰყავთ და აქ ყველა თავისი გავლენისთვის იბრძოლებს.

რასაც ჩვენ ზემოდან ვხედავთ, სინამდვილეში ქვემოთ უფრო მეტი იმალება. ამიტომ ბევრი ტიპის გავლენაზეა საუბარი. ის, რომ გავლენა არ იქნება და ვიღაც თავს შეიკავებს ჩარევისგან, აბსურდია. საქართველოს ყველა ხელისუფლება ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში და ურთიერთობაში იყო საპატრიარქოსთან. იყო შემთხვევები, როდესაც თავად ექცეოდნენ გავლენის ქვეშ სახელისუფლებო შტოები და იყო დრო, როცა პირიქით საპატრიარქო ექცეოდა მათ გავლენის ქვეშ. 

თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამ ტკბილი, თბილი და რბილი კომუნიკაციების ფონზე, მუდმივად იყო დაპირისპირება საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ პატრიარქის არჩევისას ჩარევა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობები არ იქნება.

Front News