უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში გამარჯვება, რადგან მისი მოკავშირეების დახმარება გადაცემის პროცესშია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას არ გაუწიეს ის დახმარება, რასაც ადრე დაჰპირდნენ. შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპული საბრძოლო მასალის მარაგი გაცილებით დაბალია იმ დონეზე, რასაც დაჰპირდნენ. ასეთ შეფერხებებს კი შედეგები აქვს.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას აკლდა საჰაერო თავდაცვა, რაც საშუალებას აძლევდა რუსულ რაკეტებსა და დრონებს დაერტყათ სამიზნეები. ასევე, უკრაინელ დამცველებს აკლდათ შორი მოქმედების რაკეტები, რაც ოკუპანტებს მეტი ძალების კონცენტრირების საშუალებას აძლევდა.

"მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის, რადგან დიდი მხარდაჭერა უკვე გზაშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინის დასახმარებლად, ხოლო ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ახალი იარაღის მიწოდება გამოაცხადეს.

"ახლა ჩვენი მოვალეობაა ეს ვალდებულებები გადავაქციოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებად - და ეს სწრაფად გავაკეთოთ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.