საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები, ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას 150 დრონით დაესხა თავს.

"ამ დროისთვის ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ჩვილი. კიევში თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მამის და მისი ხუთი წლის ქალიშვილის. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს.

ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 1 580-ზე მეტი ბომბი, თითქმის 1 100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ყველა ეს შეიარაღება შეიცავს, სულ მცირე, 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების მიმართ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. ყველა შესაძლებლობა, რომელიც მათ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, უნდა აღმოიფხვრას.

საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები, ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა შეწყდეს ასეთი დარტყმები და ეს ომი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია - მეტი საჰაერო თავდაცვა და რეალური დახმარება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა ზელენსკიმ.

23 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაში 147 დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვამ 97 დრონი გაანადგურა.

მტრის თავდასხმის ქვეშ იყო იყო კიევი. დედაქალაქში ნამსხვრევები რამდენიმე უბანში ჩამოვარდა, სახლებში კი ხანძარი გაჩნდა.

რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი - მამა და 5 წლის ქალიშვილი, ასევე 80 წლის ქალი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი.