ახალგაზრდა, 36 წლის კაცი არ ესროდა საკუთარ თავს და თუ მართლა ასეა, მაშინ ეს კიდევ ბევრად უფრო ამძიმებს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "გაგდებულებიდანაც" კი ყველაზე ცუდად და სასტიკად მოექცნენ თორნიკე რიჟვაძეს.

"თუ მათ ვერსიას ბოლომდე ამტკიცებს ის კადრები, რომელიც ამოღებულია იმ სახლიდან, სადაც თორნიკე რიჟვაძეს ესროლეს, მაშინ ისინი ამ კადრებს გამოაქვეყნებდნენ. როგორც ჩანს, არის იქ რაღაც დეტალები, რომლის გამჟღავნებაც მათ არ უნდათ, ან რაღაც დაჩეხილი კადრები უნდათ, შემოგვთავაზონ. 

ახალგაზრდა კაცი, 36 წლის კაცი არ ესროდა საკუთარ თავს და თუ მართლა ასეა, მაშინ ეს კიდევ ბევრად უფრო ამძიმებს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას. რა უთხრეს თორნიკეს? რით დაემუქრნენ ისეთით, რომ ის მივიდა თვითმკვლელობამდე.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასზე შეეძლო მაშინ ამ მასშტაბის ზეწოლა განეხორციელებინა, ბუნებრივია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

"გაგდებულები" დაუძახეს იმ ხალხს, ვინც გუნდიდან გაუშვა. "გაგდებულებიდანაც" კი ყველაზე ცუდად და სასტიკად მოექცნენ თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაწირეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ადვოკატი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები უხარისხოა და მათზე და იარაღის კადრი არ ჩანს ცხადად.