რა პრობლემა იყო, ეთქვა ყაველაშვილს, რომ ვინც არ დაწერა განცხადება შეწყალებაზე, ისინი არ იქნებიან შეწყალებული ამ ეტაპზე, -  ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

"რა პრობლემა იყო, ეთქვა ყაველაშვილს, რომ ვინც არ დაწერა განცხადება შეწყალებაზე, ისინი არ იქნებიან შეწყალებული ამ ეტაპზე. ამდენ ხანს წვალებას, ამდენი დროის კარგვას ხომ ჯობდა, ეს ეთქვა, რა პრობლემა იყო ამაში?!

ყაველაშვილი მართლა სამარცხვინოდ მანიპულირებს იმიტომ, რომ მას აქვს აბსოლუტურად ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, კონსტიტუცია არანაირ პირობებს არ დებს, რომ განცხადება, ან მიმართვა უნდა დაიწეროს. ის ხომ თვლის, რომ პრეზიდენტია?! ხოდა, მას ჰქონდა კონსტიტუციურად ექსკლუზიური უფლება, რომ შეეწყალებინა ისინიც, ვინც მიმართვას და შეწყალების თხოვნას არ დაწერდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა. შეწყალებულებს შორის არცერთი არ არის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირი.