მოვიდა ახალი მინისტრი და ცვლის კადრებს. ბუნებრივია, ამ ცვლილებით სახელმწიფოსთვის კარგი არაფერი იცვლება, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა ის არის, რომ ყველაფერი ემსახურება ერთი პირის, ან პირთა ვიწრო წრის ინტერესებს.

"პრობლემა ის არის, რომ ყველაფერი ემსახურება ერთი პირის, ან პირთა ვიწრო წრის ინტერესებს და ხშირად ეს ინტერესები არ ემთხვევა ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს, ხშირად წინააღმდეგობაც კია. სანამ ემთხვევა, მაშინ შეიძლება ყველაფერი კარგად მიდიოდეს, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავდეთ.

ცვლილებებს რაც შეეხება, მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია და ეს შეიძლება უბრალოდ მცდელობა იყოს, რომ  ახლა დასავლეთთან ცოტა დავთბეთ, იქნებ რაღაც კარტი გავათამაშოთ, რომ აი, სანქცირებული და განსაკუთრებით სასტიკი ადამიანები ჩამოშორებულია და მოდით, ახალი ფურცლიდან დავიწყოთო, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რადგან ნორმალური სტრუქტურა არ გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს "ხარება" იქნება დეპარტამენტის უფროსი, თუ სხვა. 

მოვიდა ახალი მინისტრი და ცვლის კადრებს. ბუნებრივია, ამ ცვლილებით სახელმწიფოსთვის კარგი არაფერი იცვლება იმიტომ, რომ იქ ვინც არ უნდა დაინიშნოს, იძულებული იქნება ზუსტად ისე მოიქცეს, მეტ-ნაკლები სისასტიკით, მეტ-ნაკლები პროფესიონალიზმით, მაგრამ არსობრივად ამაში არაფერი არ შეიცვლება. 

პოლიცია და სპეცსამსახური სანამ არ არიან თავისუფალი პარტიული დიქტატისგან, იმოქმედებენ პარტიის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით და არა სახელმწიფო უსაფრთხოების",  - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მათ შორის, გდდ-ს ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებასაც" შეეხო.