დღეს, როდესაც რუსეთი საუბრობს ცხინვალის რეგიონის დამატებით ანექსიაზე, მმართველებს ცვლის ცხინვალის ოლქში და კიდევ უფრო აქტიურად არის საუბარი რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე, საქართველო დარჩენილია იზოლაციაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, PACE-ს დღევანდელი განცხადებაც კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა.

"დღეს, როდესაც რუსეთი საუბრობს ცხინვალის რეგიონის დამატებით ანექსიაზე, მმართველებს ცვლის ცხინვალის ოლქში და კიდევ უფრო აქტიურად არის საუბარი რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე, მაშინ, როდესაც ამ საქმეშიც ამ ეტაპზეც გვჭირდება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა და თანადგომა, საქართველო აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში და PACE-ს დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იქნება, რომ დღეს არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებას" არ აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა და მათი რეჟიმი შეფასებულია, როგორც დიქტატურა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა.