პარლამენტარმა ჯეიმს მაკკლირმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ "ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით მძლავრი პროტესტი დაუკავშირა.

"ჩვენთვის, როგორც ბრიტანელი პარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ მათ, ვინც ძირს უთხრის და ანგრევს ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს აქ და საზღვარგარეთ. მაგალითად, საქართველოში, გასულ ნოემბერს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არჩევანი, რამაც საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც გამოკითხვები მუდმივად აჩვენებენ ევროპაში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა გაავსეს რუსთაველის ქუჩა თითქმის ყოველდღიურად. ისინი ებრძოდნენ მამაცურად ხელკეტებს და წყლის ჭავლებს, რათა თქვან, რომ "ჩვენი მომავალი ჩვენია".

ზაფხულის განმავლობაში "ქართული ოცნების" მთავრობამ დაიწყო ოპოზიციის ლიდერების დაკავება. კვირების წინ შემატყობინეს, რომ ჩემი მეგობარი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დააკავეს და მხოლოდ გუშინ, მორიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც დააკავეს. საშინელი დანაშაული, რომელსაც მას აბრალებენ? - თბილისის მერის საარჩევნო ბანერების დაზიანება.

როგორ გავცემთ პასუხს დემოკრატიის ამ გამოწვევებს განგვსაზღრავს როგორც ჩვენ, ასევე იმ ქვეყნებს, სადაც ეს უფლებები ირღვევა. დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო ყუთი არაა, დემოკრატია ეს არის მოქალაქე თბილისში, რომელიც პროტესტს გამოთქვამს შიშის გარეშე, ჟურნალისტი ბელგრადში, რომელიც ააშკარავებს კორუფციას, ღამით მის კართან კაკუნის გარეშე, სტუდენტი ჰონკონგში, რომელიც პეკინის მიერ გაჩუმებაზე ამბობს უარს, უკრაინის მოქალაქე, რომელიც აძლევს ხმას მომავალს რუსული ცეცხლის ქვეშ.

ავტორიტარიზმი ფესვს იდგამს, როდესაც დემოკრატია მხდალი ხდება. ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატები, მხდალები არ ვიქნებით. ჩვენ მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის ხალხს, ჰონკონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს და ყოველ ადამიანს, რომელიც თავისი ხმის გასაგონად იბრძვის.

ბრიტანეთი ცნობილი უნდა იყოს როგორც ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ ლექციებს ატარებს დემოკრატიის შესახებ, არამედ ცხოვრობს მისით, იცავს მას, ინვესტიციას დებს მასში", - განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტრმა.