ბიძინა ივანიშვილმა თავისი ერთადერთი მოკავშირე ვიქტორ ორბანი გამოიყენა იმისთვის, რომ მან თავიდან აირიდოს სანქციები და დაასანქციროს 3 მილიონი ქართველი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საფრთხის ქვეშ აყენებს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

"დღევანდელი დღეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ჩვენ ამდენი თვეები საქართველოს მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, თუ რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევდა ევროკავშირს იმ შემთხვევაში, თუ არ შეჩერდებოდა ეს დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები და ჩვენ აქ, ადგილობრივ დონეზე თუ ბიძინა ივანიშვილს არ შევაჩერებდით. დღეს ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ერთადერთი მოკავშირე ვიქტორ ორბანი გამოიყენა იმისთვის, რომ მან თავიდან აირიდოს ფინანსური ინდივიდუალური სანქციები, რასაც კონსენსუსი სჭირდება და სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილმა დაასანქციროს 3 მილიონი ქართველი, ანუ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის ერთადერთი  სიკეთე, რომელიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დაგვრჩა - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.