ვვარაუდობ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი ჯერ კიდევ იმიტომ არ დაუსახელებიათ, რომ ცდილობენ ბიძინა დაარწმუნონ თავად გახდეს თავმჯდომარე, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ცდილობს პასუხისმგებლობა მთლიანად დააკისროს თავის გუნდს - კობახიძეს და მის გარემოცვას.

“ბიძინას ძირითადი ტაქტიკური მონახაზი ასეთია: ხელისუფლებას მძიმე პერიოდი ელის. უკვე გამზადებულია ინფრასტრუქტურა ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად. მალე უნდა დაიწყოს კონკრეტული რეპრესიები, რათა ძალაუფლების აბსოლუტიზაციას საბოლოო სახე მიეცეს. ეს პროცესი იქნება მწვავე, რადგან მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სწორედ ამიტომ ბიძინა ცდილობს პასუხისმგებლობა მთლიანად დააკისროს თავის გუნდს - კობახიძეს და მის გარემოცვას.

ვვარაუდობ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი ჯერ კიდევ იმიტომ არ დაუსახელებიათ, რომ ცდილობენ ბიძინა დაარწმუნონ თავად გახდეს თავმჯდომარე, ამ გზით სურთ, პასუხისმგებლობა ისევ მას დაუბრუნონ. ფაქტია, ბიძინა არის პოლიტიკური მოთამაშე, ხოლო მისი გუნდი არსაიდან მოსული არაფრისმთქმელი ფიგურები.

გრძელვადიან პერსპექტივაში ბიძინას როლი ბუნდოვანია, მაგრამ მოკლევადიან ტაქტიკურ თამაშს ისევ ის უძღვება. ამ თამაშს პირობითად შეიძლება დავარქვათ: “მოგენატრებათ ბიძინა”.

ასე რომ, ეს არის უბრალოდ თამაშები. მე მგონია, რომ ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ბიძინა, თავად გახდეს თავმჯდომარე, მაგრამ ბიძინა არ არის ის ადამიანი, ასე იოლად რომ ჩაერთოს ამ პატარა ბიჭების თამაშში. თუ მაინც ჩაერთო, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება", - განაცხადა ხუხაშვილმა.