დადგა ის დრო, რომელზეც მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა, რომ თავისუფლების დაკარგვასთან ვიქნებით ახლოს და ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ იმ სასამართლო სხდომების პარალელურად, რომელიც გაიმართება ბათუმში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.  

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იბრძოლოს საქართველოსთვის.

"ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. ეს პროცესი ისტორიულია, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარეს კი გახლავთ ეთნიკურად დაკომპლექტებული ქართველები, მაგრამ ისინი, სინამდვილეში, გახლავთ კრემლის მთავარი მოთხოვნისა და მიზნების გამხმოვანებლები და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ამ მოთხოვნების - რუსიფიკაციის დაკანონების უმაღლეს სასამართლოში მოსურნეები არიან იმიტომ, რომ მათი სარჩელი ეფუძნება ღალატის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი და საქართველოს ჰყავდა დამნაშავე რეჟიმი, ანუ, ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ხელისუფლება ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გამოცხადებულია დამნაშავე რეჟიმად. ეს გახლავთ არა პარტიების აკრძალვის. შესახებ მიმდინარე სხდომა, არამედ ქართული სახელმწიფოს აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა. ეს არის მეორე 1921 წლის დაკანონების სურვილი, შესაბამისად, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტზე იმიტომ, რომ ჩვენი ყველა მეგობარი ამ დასკვნის მიხედვით არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვკარგავთ არა "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარს, არამედ 9 აპრილის მონაპოვარს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი.

დადგა ის დრო, რომელზეც მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა, რომ თავისუფლების დაკარგვასთან ვიქნებით ახლოს და ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ იმ სასამართლო სხდომების პარალელურად, რომელიც გაიმართება ბათუმში.

მე დავუკავშირდი კონკრეტული პარტიის ლიდერებს და საჯაროდ ვიტყვი, ჩვენ ვართ მზად ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის იმიტომ, რომ ბრძოლასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.