საზოგადოებამ ცოტა გულუბრყვილოდ გაიგო "ქოცების" ბოლო ინიციატივა დებატების აღდგენის შესახებ. დებატები დუგინის დოქტრინის ფარგლებში წარიმართება, მისივე დღის წესრიგით, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სინამდვილეში საქართველოში რუსული დღის წესრიგის განხორციელება იწყება.

"ვფიქრობ, საზოგადოებამ ცოტა გულუბრყვილოდ "ქოცების ბოლო" ინიციატივა დებატების აღდგენის შესახებ, არასწორად გაიგო.  განა ქოცებმა სადმე ახსენეს დებატები პროევროპულ ოპოზიციასთან! რამდენადაც ვიცი, არსად. ვფიქრობ, ამას არც განიხილავენ. ეს მათი მწირი ლოგიკიდანაც კი სრულად ამოვარდნილი იქნებოდა და არანაირ სარგებელსაც არ მოუტანდა, თუნდაც მათ მიერ განსაზღვრულ საკუთარ მედიებში საკუთარი წესებით - კრიტიკულ მედიებში ქოცების მისვლა ახლავე გამორიცხეთ. ბუნებრივია, იტყვიან, რომ დამნაშავეებთან, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ, დებატებს არ აპირებენ. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში საქართველოში რუსული დღის წესრიგის იმ თავის განხორციელება იწყება, რომელზეც ადრე ვილაპარაკე. ხომ გვითხრეს, რომ ჩვენი მომავალი დუშანბეში წყდება? და რაზე იყო იმ დუშანბეში კინო? ომზე? სიყვარულზე? ნეიტრალიტეტზე. აი დებატების თემაც. ტყუილად კი არ გარჯილან რუსების მუშა ფუტკრები, ტყუილად კი არ დაუფუძნებიათ პარტიად „ნეიტრალური საქართველო“. აი მოდებატე მხარეც - კაკაბაძე, შაქარიშვილი... ალბათ კიდევ რამით გააზავებენ. ვთქვათ, „ხალხის ძალას“ ისევ დამოუკიდებლობას დააბრალებენ და შეედებატებიან. 

საზოგადოების ხმას - ხაინდრავებს, უცნობებს, ჭაობის სხვა ბინადრებსაც ახმოვანებენ. დებატები დუგინის დოქტრინის ფარგლებში წარიმართება, მისივე დღის წესრიგით. მიუთითებენ დღევანდელი მსოფლიოს არასტაბილურობაზე, ტრამპის ომზე ევროპასთან, ევროპის რღვევაზე, დიდების ომისგან სამშვიდობო ფარის - ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე. გლუვი შათირიშვილის უკვე გამოქვეყნებულ და დაანონსებული წერილებით, ცოტა პუტინსაც შეეხებიან, ისე რომ არ აწყენინონ. ალბათ დებატების ვადებიც უკვე განსაზღვრული აქვთ და ამ ვადების ამოწურვის შემდეგ დადებენ შედეგსაც - დანიშნავენ არჩევნებს. ახლა ვერ ვიტყვი, არჩევნებს საერთო-სახალხო გამოკითხვასაც დაუპარალელებენ თუ მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისა და შესაბამისი ცვლილებების გზით წავლენ, არ აქვს მნიშვნელობა. პროცესის დაწყებაზე დავალება ალბათ ფიფიამ ჩამოუტანა საპატრიარქოში სტუმრობისას.

შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ძალიან არ მგონია ვცდებოდე. 

P.S. ხო, კიდევ, გამახსენდა - ბარემ ახალი ოპოზიციითაც იმშობიარებენ - ჯერ კიდევ როდის შეგვპირდა ამას გლუვი", - წერს გივი თარგამაძე.