დღეს ჩვენ გვჭირდება საერთო სტრატეგიის გარშემო ერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ცხადი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რის გარშემო ერთიანდება ოპოზიცია.

"დღეს ჩვენ გვჭირდება საერთო სტრატეგიის გარშემო ერთობა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ის სტრატეგია, რომელიც აქამდე იყო, რომლის მოზიარეც იყო "ლელო" და ნაწილობრივ გახარიაც, ეს ერთობა შენარჩუნებულიყო, მაგრამ განსხვავებულ სტრატეგიებში ჩვენ რესურსებს ვერ გავაერთიანებთ. შეუძლებელია, საზოგადოებას შენ უთხრა, რომ ახლა ჩვენ ორი თვე ყუთში რაღაცის ჩასაგდებად უნდა მოვემზადოთ, თუ სისტემას ვარყევთ და მას ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ - ეს არის ორი სხვადასხვა სტრატეგია და ხედვა და სამწუხაროა, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა ხედვა ერთად ვერ იქნება. ჩვენ ამ მხრივ, თანმიმდევრულები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობასთან ერთად ეს ერთობა იყოს ცხადი, სიცხადე იყოს იმაში თუ რისთვის ვერთიანდებით.

ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხთან გვქონდეს მკაფიო სიცხადე, თუ რა არის ბრძოლის გზა. მშვიდობიანი რევოლუცია არის აბსოლუტურად ლეგიტიმური გზა, ამიტომ, ამ სიტყვის პრობლემა კი არ არის, არამედ პრობლემაა, საზოგადოებას უთხრა, რომ ეს ყველაფერი ამ რიცხვში დამთავრდება. პრინციპები უნდა გავუზიაროთ მათ და უნდა ვუთხრათ, რომ მათ ვერ მოვატყუებთ. 

მე მინდა, რომ ოპოზიციაში ვიყოთ გულწრფელები და  მიდგომა, რომელიც გულისხმობს არასერიოზული, უპასუხისმგებლო მოლოდინების შექმნას, არ იყოს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.