აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რაც შეიძლება, გაკეთდეს ქვეყნის გარეთ,  ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მათი რეაგირება, მათ შორის, ტარგეტირებული და მიზნობრივი სანქციები.

"აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი. ცხადია, რომ ივანიშვილი ამას ვერ შეძლებდა, თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ყველა ინსტიტუცია იმუშავებდა მისი ინტერესების სასარგებლოდ.

მისი მმართველობის პერიოდში ამის გამოძიება არის შეუძლებელი. რაც შეიძლება, გაკეთდეს ქვეყნის გარეთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მათი რეაგირება, მათ შორის, ტარგეტირებული და მიზნობრივი სანქციები", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 
BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.