ნუ სპეკულირებთ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ილია ჭავჭავაძის სახელით. რაც ყველაზე, ცუდი გააკეთეთ გუშინ, გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია თუ რა საერთო აქვს "ოცნებას" მერაბ კოსტავასთან მის სიტყვებს რომ ციტირებენ.

"თქვენ, რაც ყველაზე ცუდი გააკეთეთ გუშინ, გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებულები, მათი სახელები გამოიყენეთ სპეკულაციის სახით სრულიად სხვა გაგებით. მე არ მესმის, რა საერთო და სულიერი გაგება გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ. 

რაც შეეხება მთაწმინდას, მე წაგიკითხავთ ერთ ამონადირს: " 9 აპრილი მხოლოდ დასაწყისი იყო, შემდეგ იქნება ზვიადი თავისი გესტაფოთი, დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ომი ყველას წინააღმდეგ და ათი ათასობით დაღუპული, მაგრამ ეს მსხვერპლი საინტერესო აღარავისთვის იქნება "- ეს არის ლებედი გენერლის სიტყვები, რომელიც თქვა 1995 წელს და რომელსაც 1998 წელს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა კრასნოიარსკის ოლქში და ეს კაცი უნდა მელაპარაკებოდეს მერაბ კოსტავაზე?! ადამიანი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზეა გამდიდრებული?! ნუ სპეკულირებთ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ილია ჭავჭავაძის სახელით", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის დროშა აღმართა და მისი შედარება ივანიშვილთან, უსამართლობაა.

"როდესაც თქვენ ამ ადამიანზე საუბრობთ საპირწონედ ივანიშვილის, გახსოვდეთ, რომ ტირანზე ლაპარაკის დროს, ეს არის სრულიად უადგილო იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება გადააბარა და ეს არის ისეთი უსამართლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს", - განაცხადა ხერხეულიძემ.