ეს არის ჩვენი, პროდასავლური, ეროვნული ბრძოლის გამარჯვება და ყველა ადამიანმა, რომელიც იბრძვის, უნდა იცოდეს, რომ თქვენს ყველა მოქმედებას აქვს აზრი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტმა "ოცნებას" ვერდიქტი გამოუტანა.

"არალეგიტიმური ერთპარტიული პარლამენტი, დე ფაქტო ხელისუფალნი, გაყალბებული არჩევნები, ამომრჩევლის დაშინება-მოსყიდვა, უპრეცედენტო ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, გამომძალველი ჯარიმები - კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, მზია ამაღლობელი დაკავებულია გამოგონილი ბრალდებით. არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევას უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს ელის. გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება მსგავს მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. ეს არ არის ჩემი, კოალიციის და არც ოპოზიციური პარტიების სიტყვები - ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა. ევროპარლამენტმა მიიღო ორწლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა, როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა იმ პოზიციის მიმართ, რომელიც არის რუსთაველზე. აქვე, ამ რეზოლუციაში საუბარია კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე "ქართული ოცნების" მიმართ და ევროპა გამოხატავს მზაობას მოქმედებისთვის. ეს არის ჩვენი, პროდასავლური, ეროვნული ბრძოლის გამარჯვება და ყველა ადამიანმა, რომელიც იბრძვის, ციხეშია თუ რუსთაველზე, უნდა იცოდეს, რომ თქვენს ყველა მოქმედებას აქვს აზრი, ის ესმის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. 490-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, 147 წინააღმდეგ წავიდა, 49-მ კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“, სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.