"ქართულ ოცნებას" რუსული კურსი თავიდანვე არჩეული ჰქონდა, თუმცა 2022 წლის მოვლენებმა აიძულა ისინი, რომ აერჩიათ მხარე, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მათ აირჩიეს აგრესიული რევანშისტული რუსეთი.

"მე მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" რუსული კურსი თავიდანვე არჩეული ჰქონდა, თუმცა 2022 წლის მოვლენებმა აიძულა ისინი, რომ აერჩიათ მხარე. მათი ფერთა პალიტრა შევიწროვდა და დარჩა მხოლოდ შავი, ან თეთრი - იყო ცივილიზებული სამყარო, ან იყო აგრესიული რევანშისტული რუსეთი და მათ ძალიან სწრაფად გადაწყვიტეს, რა აერჩიათ.

ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესებს, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო უკან ხევს ევროინტეგრაციის გზაზე, რომლებიც აზიანებს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ გვქონდა მკაცრი ტონი არა მარტო ევროპარლამენტარების მხრიდან, არამედ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების შემდეგ. ორი აზრი აღარ არსებობს იმაში, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება, ეს ძალა ჩვენს ქვეყანას აყენებს უდიდეს ზიანს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.