ნუ გვეშინია სიტყვა რევოლუციის. მშვიდობიანი, არაძალადობრივი რევოლუციები ხალხის უფლებაა, მათ შორის საერთაშორისო სამართლით აღიარებული. რევოლუციები წინასწარ გამოცხადებით არ ხდება, სპონტანური მოვლენაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

"დაჭერებმა, ჯარიმებმა და მედიაცენზურამ ხალხში შიში გააჩინა. ამ შიშს სჭირდება გაქარწყლება.

რატომ მოსწონს დღეს ხაბეიშვილი იმათაც, ვისაც ცოტა ხნის წინ არ მოსწონდათ? იმიტომ, რომ აგრესიას დაუპირისპირდა აგრესიით (სიტყვიერით), გინებას გინებით, დამამცირებელ გამონათქვამებს დამამცირებელი გამონათქვამებით. აწარმოებს საკმაოდ გონივრულ პიარს და არ თაკილობს ქოცებს დაუპირისპირდეს მათივე იარაღით - “ეწევი დემაგოგიას და მანიპულაციას, არანაკლები შემიძლია მე”. მუშაობს ეს მიდგომა? კი. თანაც ბევრი რამ, რასაც ამბობს, ახდება ხოლმე. დამთხვევაა? ხშირად კი, მაგრამ ხომ მართლდება პროგნოზები. ვერ დაუკარგავ გაბედულებას. ეს აღაფრთოვანებს სხვებს და კლავს შიშს.

დაიჭერენ? კი, თუ იქნება მარტო. როცა ბევრი მასავით მოიქცევა, ყველას ვერ დაიჭერენ, ანუ დაიჭერენ თუ არა ჩვენზეცაა დამოკიდებული. დაჭერა რომ არ აშინებს, ესეც ფაქტია.

რაც შეეხება აქციების დაანონსებას - ამაში გასაკვირი არაფერია, პირიქით, მოსამზადებლად დროა საჭირო. აქციით ქოცობა დამთავრდება? არა, მით უმეტეს, როცა არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიები ბოიკოტს უცხადებენ მას და არც არჩევნებში მონაწილე პარტიები აპირებენ მის მხარდაჭერას. ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მორჩება.

ნუ გვეშინია სიტყვა რევოლუციის. მშვიდობიანი, არაძალადობრივი რევოლუციები ხალხის უფლებაა, მათ შორის საერთაშორისო სამართლით აღიარებული. რევოლუციები წინასწარ გამოცხადებით არ ხდება, სპონტანური მოვლენაა.

როცა ვინმე რაიმე აქტივობას აანონსებს, არა საჭირო ჩაქოლვა. მოძრაობა სჯობია უძრაობას. თუ შენ ვერ აკეთებ, სხვას მაინც ნუ შეუშლი ხელს. სხვისი წარუმატებლობა შენ გაზიანებს? ნაწილობრივ სწორია, მაგრამ იმაზე მეტად გაზიანებს, ვიდრე უმოქმედობა?

ყველა პარტიას აქვს თავისი გზა. ამ გზის დაუნახაობა არის შეცდომა. ერთობაზე მუდმივი აპელირება, რომელიც არასდროს გამოდის, ნიშნავს, რომ არასწორ შინაარსს ვდებთ ამ ერთობაში.

შეუმწყნარებლობა და განსხვავებული პოზიციების მქონეებზე აგრესიული თავდასხმა იმათი საფირომო ნიშანიცაა, რომლებიც ახლა აქციებს აანონსებენ და მერე უკვირთ, თუ რატომ ესხმიან თავს.

ნებისმიერი აქტიურობა არის კარგი. “გრანდიოზულის” გარდა არაფერს აღიარებდე და მთელი წელი ელოდო ამ გრანდიოზულს, რომელიც იწყება და ყოველთვის როდესღაც მთავრდება, არის არასწორი. არასწორი მოლოდინების შექმნაც არასწორია.

ეს ხელისუფლება შეიცვლება, როცა ეს მოუნდება ხალხს, მათ შორის მშვიდობიანი რევოლუციის გზით. პარტიების ამოცანაა იგრძნონ ეს მომენტი. ილუზიებიც ცუდია", - წერს გოცირიძე.