ეს სამწუხარო ამბავი არ მოხდებოდა, რომ არა დაუდევრობა, გულგრილობა, უგულობა ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ახსოვთ მხოლოდ ფულის კეთება, -  ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ სახლში არც არავინ უნდა ცხოვრობდეს და შემოფარგლული უნდა იყოს ზონა, რომ არავინ დაშავდეს და დაიღუპოს.

"ეს სამწუხარო ამბავი არ მოხდებოდა, რომ არა დაუდევრობა, გულგრილობა, უგულობა ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ახსოვთ მხოლოდ ფულის კეთება. ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები ვერ დაიცვეს, როდესაც კარგად იცოდნენ, რომ სახლი არის ავარიული. ბუნებრივია, ამ სახლში არც არავინ უნდა ცხოვრობდეს და როგორც მინიმუმ, შემოფარგლული უნდა იყოს, რომ არავინ დაშავდეს და დაიღუპოს ისე, როგორც მოხდა. ავარიულ შენობას შესაბამისი უსაფრთხოების ზომები სჭირდება, რაც განხორციელებული არ იყო. ქალაქის მერის მორიგი სამარცხვინო გამოსვლა ვნახეთ, რომ თურმე იმ სახლში მცხოვრები ადამიანების ბრალი ყოფილა ეს მსხვერპლი და არა მისი ან მისი თანამშრომლების დაუდევრობისა და უგულობის“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.