გაერთიანებული თსუ-ის და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება - ამის შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს.

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ის ამჟამად ირაკლი კობახიძის მრჩევლის პოსტს იკავებს.  მრჩევლობასთან ერთად, დღემდე, ლევან იზორია საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანია.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ისევე აკადემიურ საზოგადოებაში. გუშინ ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები და დეკანები.

აკადემიური პერსონალი ამბობს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებით ორი უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დასრულდება.