ბიძინა ივანიშვილი ჩნდება მაშინ, როდესაც ყველაზე ძალიან უჭირს და ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და მას თავის გამოსვლაში მოქალაქეებზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

"ბიძინა ივანიშვილი ჩნდება მაშინ, როდესაც ყველაზე ძალიან უჭირს და ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს. 12 წლის, მისი მმართველობის პირობებში ბიძინა ივანიშვილი ჩნდება მაშინ, როდესაც ეშინია ყველაზე ძალიან და ახლა ეშინია ყველაზე სწორად. არც ერთი სიტყვა ოლიგარქს არ უთქვამს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ემიგრაციაზე და იმაზე, რომ მისი მმართველობის პირობებში 300 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ეს ქვეყანა, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ არც ერთი დაპირება მას საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეუსრულებია, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ მისი მმართველობის პირობებში ბავშვებს სკოლებში შიათ და ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გაიმეტა მათთვის ფული იმისთვის, რომ უფასო კვების პროგრამა განახორციელოს, არც ერთი სიტყვა უთქვამს პენსიონერებზე, რომლებიც წამლებს ვერ ყიდულობენ, საბანკო ოლიგარქიაზე, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს მომავალზე და იმაზე, რომ რამე პრობლემას მაინც მოუგვარებს ის საქართველოს მოქალაქეებს, არამედ გამოვიდა და ისაუბრა ისევ შეთქმულების თეორიაზე და თქვა ღიად, რომ მისი არჩევანი არის არაევროპული საქართველო.

გუშინ რაც ვიხილეთ, არის შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ეშინია საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც დგანან თბილისის ქუჩებში და ძალიან კარგად იცის, რომ გუშინ მის მიერ გამოყვანილი ადამიანები, საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით, ძალით გამიყვანეს და დადგნენ, მათი უმრავლესობაც არ არის ივანიშვილის მხარდამჭერი. გუშინ ივანიშვილი შეეცადა, რომ შეეშინებინა საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ყველაზე შეშინებული არის თვითონ", - განაცხადა ანა წითლიძემ.