ევროკავშირს არასდროს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც სხვაგან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ღონისძიება „ევროპის დღე 2026“ გაიმართა.

ჟურნალისტმა ევროკავშირის ელჩს კითხვა დაუსვა, როგორ უპასუხებდა საქართველოს მთავრობის ბრალდებას ძალადობის წახალისებაში.

„ჩვენ ვიცავთ ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს და სწორედ ამას დავუჭერთ მხარს მომავალშიც“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ.

რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს საკითხი უნდა განიხილონ, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ, რადგან „გულწრფელად აშფოთებთ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა“.

„დიახ, ეს სიმართლეა. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გულწრფელად გვაშფოთებს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. გვაშფოთებს ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხი. თქვენ კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ადამიანებს ციხეში სვამენ ტროტუარზე დგომის გამო; ციხეში ხვდებიან „ფეისბუqზე“ გამოქვეყნებული პოსტების გამოც. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ის ფონდები, რომლებიც მუდმივად უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, ქვეყნიდან განდევნის პროცესში არიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია და სწორედ ამიტომ მომავალ ორშაბათს მინისტრები კვლავ განიხილავენ საქართველოში არსებულ გაუარესებულ ვითარებას. კრიტიკულ შენიშვნებს პირადულად არ აღვიქვამ. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა და ჩემი მოვალეობაა ევროკავშირის პოზიციის გაჟღერება. ვისურვებდი, რომ ჩემი ნათქვამი პოზიციური ხასიათის ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც საქართველოში უარყოფითი მოვლენების წინაშე ვდგებით, ჩემი ვალდებულებაა, ხმა ამოვიღო და საზოგადოებას ვაცნობო ევროკავშირის პოზიცია ქვეყანაში არსებული ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.