დედაქალაქის მერი კახა კალაძე უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.

ღონისძიება, საქართველოს ბიზნესასოციაციისა და წამყვანი დეველოპერული კომპანიების - „არქის“, "ნექსთის“ და "ბიოგრაფის „თანაორგანიზებით იმართება.

თბილისის მერის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმების ჩატარება ქვეყანაში მისასალმებელია.

მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ქვეყანა რომ ეკონომიკურად ვითარდება და ბიზნესის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი, ეს მმართველი პარტიის დამსახურებაა.

"ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის და ბიზნესის წარმოებისთვის სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ეს, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.

დღეს, 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ინვესტორია ჩამოსული, რომელთაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება აინტერესებთ. ფორუმს ასევე ესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, რომლების საუბრობენ ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება. ჩვენს ქვეყანაში მისასალმებელია მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმების ჩატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფორუმში მონაწილეობენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები, წამყვანი დეველოპერული კომპანიები, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი, ასევე უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები, რომლებიც საქმიანობენ ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი). ღონისძიებას ასევე ესწრება ათამდე საერთაშორისო ბიზნესმედიის წარმომადგენელი.