"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა რეზინის ტყვია ესროლეს. 

მისი თქმით, დაზიანება აქვს ნეკნთან და ხელზე.

"დაზიანება მივიღე ორი, ერთი ნეკნთან და მეორე ხელზე. ნეკნში ტყვია შიგნით არ აღმომაჩნდა და ისე დამიმუშავეს ზედაპირულად, რაც შეეხება ხელში, ხელში მქონდა ტყვია, მე არც მქონდა შემჩნეული, ვერც ვიფიქრებდი, რომ შიგნით იქნებოდა შესული, მერე ექიმმა ამომიღო და ის ხელიც დამიმუშავა და უცბად გამომიშვა, სიმართლე გითხრათ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იყო სასწრაფოს მომწყდარი.

ხელიდან ერთი რეზინის ტყვია ამომიღეს, უბრალოდ სასწრაფოს ექიმმა არ მომცა და არც ფოტო გადამაღებინა. მერე მივხვდი, რომ ალბათ, რაღაცას მალავდნენ უბრალოდ იქ ჩხუბი არ დავიწყე, ადამიანი რომ გეხმარება და გეშველება, იმასთან კონფლიქტი მეუხერხულება", - აცხადებს კობერიძე "მთავართან".

გუშინდელ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკებში 15 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის სამართალდამცველებიც.