"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდა.

სუსის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი შეეცდება საქმეში არსებულ პირებთან და მოწმეებთან დაკავშირებასა და ზემოქმედების მოთხოვნას.

"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისმა უფლებადამცველებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.