მამაჩემი დაიბარეს სუსში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე წერს.

არსებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძესთან კითხვები მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ აქვთ, საუბარია სანიკიძის მოსაზრებებზე ირანული გავლენების გაზრდის შესახებ საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, სუსში დაიბარეს თინა ხიდაშელიც.

"ტვ პირველის" ცნობით, ხიდაშელი მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა გამომძიებლების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვეს, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება აქვთ დაწყებული.

სუსის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.